ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მაშინ, როცა საქართველოს მეზობელ ორ ქვეყანას შორის ომია, წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის წამოწევა პოლიტიკური სპეკულაციაა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ თქვა, არჩევნების შემდეგ, ლელო დავით გარეჯის თემას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტს.
"როცა ომი მიდის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, წინასაარჩევნოდ ამ თემის წამოწევა არის პოლიტიკური სპეკულაცია. ეს არის ქართველების ემოციაზე ზემოქმედება. ახლა გაახსენდათ დავით გარეჯი, 8 წელი ჰქონდათ მათ იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაეწყვიტათ.
ჩვენ ქართულ ოცნებას გავისტუმრებთ, გარეჯის საკითხსაც გადავწყვეტთ მშვიდობიანად, ისე როგორც ეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება და დავიწყებთ სვლას ძალიან სერიოზული ნაბიჯებით, ჩვენი ოსი და ჩვენი აფხაზი ძმების შემორიგებისკენ", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
ასევე, 29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტს არ უთქვამს, კონკრეტულად რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში.
პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა".
საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.
გადაუწყვეტელი რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.
1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.
საზღვრის დადგენაზე წლებია, კომისია მუშაობს, სხვადასხვა შემადგენლობით.