logo
ENG



ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ ბრეგაძეს სააკაშვილის მოწამვლაში მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული

16 დეკ 202219:02
3 წუთის საკითხავი
 
ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ ბრეგაძეს სააკაშვილის მოწამვლაში მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ორგანიზებაში წვლილი იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებსაც მიუძღოდეთ.

ხაჭაპურიძე სთხოვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ზემოთ ჩამოთვლილ პირებს უფლებამოსილება შეუჩეროს. ადვოკატის მოთხოვნებს შორისაა აღიძრას სისხლის სამართის საქმე სააკაშვილის კადრების უკანონო ჩაწერა-გავრცელებაზე, ასევე "აღიძრას საქმე იმ დეპუტატების და პოლიტიკოსების მიმართ, ვინც აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად".

"ვთხოვ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიმართოს პარლამენტს და შეუჩეროს უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის უფროს და სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებს. ვინაიდან, არ არის გამორიცხული მათ მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში. ის ხმათა რაოდენობა, რომელსაც ოპოზიციას გააჩნია, მათაც შეუძლიათ დაიწყონ იუსტიციის მინისტრის იმპიჩმენტი", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე ჟურნალისტებთან საუბარში.

2 დეკემბერს გავრცელებულ ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.


close დახურვა