logo
ENG



ხვიჩია: არ მჯერა, რომ დმანისში ადამიანებმა ლუდის გამო 100-100-ზე იჩხუბეს

18 მაი 202112:29
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩია: არ მჯერა, რომ დმანისში ადამიანებმა ლუდის გამო 100-100-ზე იჩხუბეს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ვერ გაერკვია, რა ხდებოდა რეალურად დმანისში, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, დაპირისპირება სხვა პრობლემას უკავშირდება და არა იმას, რომ "ვიღაცას მაღაზიაში ნისიად ლუდი არ მისცეს".

"სახელმწიფოს მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქმე მივიდა აქამდე, რომ ჩვენ აქამდე არ გავერკვიეთ, სინამდვილეში რა ხდებოდა დმანისში. მთელი გუშინდელი ნარატივი იყო ის, რომ ვიღაც ხალხმა იჩხუბა ლუდის გამო მაღაზიაში. მე არ მჯერა, რომ დმანისში ადამიანებმა 100-100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ნისიად არ მისცეს ვიღაცას ლუდი. ჩემი აზრით, ეს არის სხვა პრობლემა, რომელსაც როგორც ჩანს, აქამდე კარგად არ ვიცნობდით და არც ახლა ვიცნობთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ადამიანების დაკავებით კონფლიქტი არ მოგვარდება და შესაძლოა, უფრო მეტადაც გამწვავდეს.

"ვფიქრობ, რომ პრობლემა მოსაგვარებელია სხვანაირად. ეს თემა არ გვარდება იმით, რომ ჩხუბის მონაწილე 100 ადამიანი დაიჭირო უბრალოდ და წაიყვანო ციხეში. ამით შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს კონფლიქტი. სხვანაირად უნდა მივუდგეთ ამას. გავიგოთ ამ კონფლიქტის ანატომია, რატომ ჩხუბობს ეს ხალხი და მერე ვიპოვოთ გამოსავალი. ამ წუთას ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ ნახეთ ვიღაც ცუდად იქცევა და დავიჭიროთ. მე არ მგონია, რომ ასე პრიმიტიულად იყოს საქმე, როდესაც ამდენი ხალხი ჩხუბობს", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, დროული იყო თუ არა გუშინ პოლიციის რეაგირება, ხვიჩიამ თქვა, რომ მსხვერპლი არ იყო და ამიტომ, შსს-ს მუშაობას უარყოფითად ვერ შეაფასებს. 

"დროულზე და არა დროულზე არ არის... წარმოიდგინეთ, რანაირი ჩხუბი დავინახეთ, ხალხი ჯოხებს გამეტებით ურტყამს ერთმანეთს, ქვებს ისვრიან და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ტიპის ჩხუბში რომ მსხვერპლი არ არის, არის უკეთესი. ყველაზე საუკეთესო შედეგი, რაც შეიძლება აქ მიგვეღო, მსხვერპლი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ძალიან რეალური იყო მსხვერპლი. შესაბამისად, მიჭირს შევაფასო გუშინდელი შსს-ს მუშაობა უარყოფითად, იქიდან გამომდინარე, რომ მსხვერპლი არ გვაქვს", - განაცხადა ​ხვიჩიამ.

დმანისში ადგილობრივებს შორის 16 მაისს დაიწყო. დაპირისპირებამ გუშინ, 17 მაისს, უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.

ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

გუშინ საღამოს, დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ შერიგდნენ

ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. ​საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

 

close დახურვა