დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკავშირის ანგარიშს აფასებს და ამბობს, რომ EU-ის მიერ ევროპული პერსპექტივის მონიჭებიდან 2 თვის თავზე, ანგარიშში საუბარია არა საქართველოს პროგრესზე, არამედ მთელი მიმართულებით ჩავარდნებზე.
ხოშტარიას თქმით, ანგარიშით გამოჩნდა, რომ "ოცნებისა და ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა".
"კანდიდატის სტატუსის საკითხიდან და უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრავს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირის კანდიდატობის მიღების. მას შემდეგ რაც ჩვენ, ერთის მხრივ გვითხრეს, რომ ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია თითქმის 2 თვე და ვკითხულობთ ანგარიშს, სადაც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებებით გვაქვს ჩავარდნები.
მე ბრიფინგს არ ვაწყობ იმისთვის, რომ რაიმე ილუზია შევქმნა და მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ მათ რაიმე გააკეთონ, იმიტომ რომ ეს წერტილი არის ამოწურული, ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოცნების პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა. ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩამოთვლილი გვაქვს რა გვაქვს გასაკეთებელი და ჯერი და ვალი არის ჩვენზე, რომ ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან.", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მორიგი ანგარიში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.
მასში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იყო უკუსვლა ყველა ძირითად სფეროში.
კერძოდ, EU-ს პრობლემად მიაჩნია:
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში;
- ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები;
- 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვიარ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე;
- ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.
გარდა ამისა, ევროკავშირისთვის საქართველოს ასოცირების გზაზე პრობლემურია შემდეგი საკითხები:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება; პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები; მედიაგარემო; ღირსების მარშის გაუქმება - 5 ივლისს განვითარებული მოვლენები; გენდერული თანასწორობა და სხვა.
ანგარიშში ხაზგასმულია პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საქმე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ასევე, ნიკა მელიას დაპატიმრება და ხაზარაძე-ჯაფარიძის სისხლისსამართლებრივი დევნა.
ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა ომბუდსმენის აპარატზე განხორციელებულ ზეწოლას იმის გამო, რომ ისინი საუბრობდნენ სენსიტიურ საკითხებზე.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის -2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.