ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს ხვალ, 13 ივლისს წარადგენს.
ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელშიც საუბარია პოლიტიკურ დიალოგზე, არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, დეოლიგარქიზაციაზე, მედიის უფლებებზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტი არ არის საბოლოო და ის შესაძლოა დაკორექტირდეს.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი:
1. მიესალმება ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საქართველომ უნდა დაიწყოს იმ ძირითადი პრიორიტეტების შესრულება, რომლებიც მითითებულია კომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასკვნის შესახებ მოსაზრებაში.
2. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები და მტკიცედ დაიწყოს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მითითებულია კომისიის მოსაზრებაში, რათა ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური მისწრაფება, რომელიც 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადითაა გამოხატული.
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს და წარუძღვეს მუშაობას იმ პრიორიტეტებზე ინკლუზიურად იქამდე, სანამ კომისია 2022 წლის ბოლომდე საკითხების განხორციელების შესახებ მოხსენებას მოამზადებს. მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას კონსტრუქციული მონაწილეობისკენ და ამ ძალისხმევაში წვლილის შეტანისკენ. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წინადადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე კვლავ დამოკიდებული იქნება კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებასა და საქართველოს დამსახურებაზე.
3. მოუწოდებს საქართველოს, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში განაგრძოს გაძლიერებული თანამშრომლობა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან.
4. ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ მოითხოვს ერთიანობასა და სოლიდარობას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მიესალმება ქართული საზოგადოების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოხატულ ძლიერ პასუხს. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თანასწორობისკენ და მოუწოდებს ყველა ყველა პოლიტიკურ ძალას, ევროკავშირის პოზიციებთან პოლიტიკურ თანხვედრაში იყვნენ ამ მნიშვნელოვან საკითხზე, ქვეყნის ევროპული ამბიციების შესაბამისად
5. კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით მოსაგვარებლად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობითა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის გზით. შეშფოთებით აღნიშნავს უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას ოკუპირებულ რეგიონებში. მოუწოდებს საბჭოს, გააგრძელოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში 2022 წლის 14 დეკემბრის შემდეგ და უზრუნველყოს მისი დაფინანსება ისე, რომ შეესაბამებოდეს ამოცანებს - სიტუაციის სტაბილიზაციასა და ნორმალიზებას და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ამაღლებას უსაფრთხოების მხრივ უკიდურესად დაძაბულ გარემოში.
პოლიტიკური დიალოგი და არჩევნები
6. [ევროპარლამენტი] წუხს, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელ მახასიათებლად. მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს, გააერთიანონ ძალები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მიზნის გარშემო, ამბიციური, დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით. კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი პუნქტები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ.
7. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს ქვეყანაში საარჩევნო რეფორმა და აღმოფხვრას ხარვეზები, რაც საარჩევნო კამპანიისას და არჩევნების ჩატარებისას გამუდმებით იჩენს თავს, ეს გააკეთოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.
8. ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფესვგადგმული ინტერესთა ჯგუფების, მათ შორის ოლიგარქების, ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, რაც კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტადაა განსაზღვრული და რაც უნდა მოგვარდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და მედიის თავისუფლება
9. ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას 2021 წლის შემდგომი სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოასწორონ ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები ყველა დონის სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესში და გენპროკურორის წარდგენისა და დანიშვნისას, რათა პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარებას და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნას.
10. ხაზს უსვამს, რომ ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე ქმედებები საკვანძო დანიშვნისას ან ინსტიტუციური ცვლილებებისას მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზირებული მართლმსაჯულების სისტემის აღქმას. ამ კუთხით აღნიშნავს, რომ კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნეს ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებამდე. კვლავ აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში პროგრესის არარსებობა ნიშნავდა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს ტრანშის მისაღებად დაწესებული პირობები არ შესრულდა.
11. მოუწოდებს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე. შეშფოთებულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რაც ზრდის იმ დანაშაულთა რაოდენობას, რომლებზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ამ მოქმედებების ხანგრძლივობას, რაც პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და რომელსაც 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სთხოვოს ვენეციის კომისიას გამოიტანოს დასკვნა ამ საკითხზე და შეასრულოს მისი რეკომენდაციები.
ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა
12. გმობს 2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის მშვიდობიანი მონაწილეების და ღონისძიების გამშუქებელი ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. მკაცრად გმობს ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად გამოძიებისა თუ სისხლისსამართლებრივი დევნის არარსებობას. აღნიშნავს, რომ ძალადობის ექვს განმახორციელებელს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა 2022 წლის აპრილში. მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ მოწყვლადი ჯგუფების - ქალების, ლგბტქ+ თემისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.
13. კვლავ აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება. ამ მხრივ სინანულს გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ოდირის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში.
ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები
14. [ევროკომისია] მიესალმება საქართველოს პოზიტიურ გამოცდილებას კანონმდებლობის EU-ს კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სრულად მოქმედი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში. მოუწოდებს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით წარმოდგენილი შესაძლებლობების გამოყენებისკენ, დინამიკური და მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად ისეთი ეკონომიკისა, რომელიც მზად იქნება ინტეგრაცია მოახდინოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.
სექტორული თანამშრომლობა
15. კვლავ აცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მყარ ჩარჩოს ასახავს, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციისა და გაძლიერებული სექტორული თანამშრომლობის გზით.
16. ხაზს უსვამს გაძლიერებული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირის მნიშვნელობას საქართველოს გეოგრაფიული და ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების პროცესში