დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იოპერირებენ, ფიზიკური წინააღმდეგობა იქნება.
ამასთან, ხოშტარია ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენა უდიდესი დარტყმაა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და იმიჯისთვის.
"ოკუპანტ სახელმწიფოსთან, აგრესორთან და საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ სახელმწიფოსთან ფრენების და უვიზო რეჟიმის აღდგენა - ეს არის უდიდესი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის და რაც მთავარია, ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი, რასაც არც კი მალავენ რუსები, ჩვენი ქვეყნის მაგინებელი, ამაზრზენი, იზოლაციაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები", - ამბობს ხოშტარია.
ხოშტარიას თქმით, თუ საქართველო რუსულ სანქცირებულ ავიაკომპანიებს შემოუშვებს, ეს უკრაინის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის პირდაპირი საბოტაჟი იქნება.
"თუ საუბარია იმაზე, რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ. ეს არის კატასროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის.
მინდა, პირდაპირ ვუთხრა ნებისმიერ იმ რუსს, ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ამ ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას. პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და თქვენ საქართველოში ოპერირებას ვერ მოახერხებთ, რა გარანტიებიც არ უნდა მიიღოთ რუსული ოცნებისგან", - განაცხადა დროას ლიდერმა.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.