პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთჯერადი პროექტის სახით ის პოლიტიკაში წასვლაზე ფიქრობს. თემასთან დაკავშირებით ხუხაშვილმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი ისაუბრა.
როგორც მან გადაცემაში აღნიშნა პოლიტიკაში წასვლა მისთვის კომფორტული არ არის, თუმცა "ივანიშვილის საქციელის გამო" ის იძულებულია, ეს ნაბიჯი გადადგას.
ხუხაშვილმა ასევე თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის გადახალისება უნდა მოხდეს და ახალგაზრდა თაობა წამოვიდეს.
"ივანიშვილი, ბევრი მანკიერების მიუხედავად, მეტნაკლებად სახელმწიფოებრივი სტაბილურობის გარანტი იყო და ეს გარკვეულ კომფორტს მეც მიქმნიდა, რომ ძალიან აქტიურად არ ჩავრთულიყავი ამ პრიცესებში, მაგრამ ვეღარ ვაძლევ ამის უფლებას საკუთარ თავს. არა საკუთარი კარიერის თვალსაზრისით, არამედ ვფიქრობ, პოლიტიკური ელიტის გადახალისება უნდა მოხდეს. ახალგაზრდა თაობა უნდა წამოვიდეს, სუფთა ფურცლიდან, ნაკლებად კომპრომიტირებული და ამ ერთჯერად პროექტში მე მივიღებ მონაწილეობას და როგორც არ უნდა დასრულდეს, მე დავუბრუნდები ჩემ საქმიანობას",-ამბობს ხუხაშვილი.
მანამდე ხუხაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მას ივანიშვილის მიმართ პიროვნული ვალდებულება ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ მიეღო, თუმცა მისი თქმით, მმართველი პარტიის თავჯდომარედ კობახიძის დანიშვნა "აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების ფაქტორია":
"მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი.
შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება. ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს",-წერს ხუხაშვილი.
გუშინ, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის პარტიულ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.
კობახიძის კანდიდატურას კენჭს შაბათს, 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე უყრიან.