logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონზე: კადრებში ბავშვების უფლებების დარღვევა ჩანს

05 ივნ 202100:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/05/lejaztbc96ch95e.jpg

ჯანდაცვის სამინისტრო სხალთის ეპარქიის მიერ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გავრცელებული ვიდეოკადრების შესახებ აცხადებს, რომ კადრებში არასრულწლოვნების მაინდენტიფიცირებელ ინფორმაციასთან ერთად, ბავშვების უფლებების დარღვევაც ჩანს. 

"აღნიშნული კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას", - ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც პანსიონში მცხოვრები ბავშვების მიმართ ძალადობის შესახებ არსებულ სხვა ცნობებზე არაფერია ნათქვამი.  

დღეს სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის ეპარქიამ რეპუტაციული ზიანის კონტროლის მიზნით, პანსიონში მცხოვრები ბავშვების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვებს ავტორიტეტული პირების, მათ შორის, თავად ეპისკოპოსის თანდასწრებით ეკითხებიან, სურთ თუ არა პანსიონის დატოვება. 

ვიდეოკადრებში ეპისკოპოსის კითხვის პასუხად რამდენიმე ბავშვი ტირის, რამდენიმე კი ამბობს, რომ დაწესებულების დატოვება არ სურთ. 

პანსიონის ბენეფიციართა ნაწილმა რამდენიმე დღეა ღიად დაიწყო პანსიონში არსებული ძალადობრივი და ბავშვებისთვის შეუსაბამო პირობების შესახებ საუბარი. ისინი აღმზრდელების და მასწავლებლების მხრიდან სისტემატურ სასტიკ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ, აქტივისტების შეფასებით - სწორედ ამ მიზეზით არ უშვებს მიუსაფარ ბავშვთა პანსიონში სხალთის მთავარეპისკოპოსი სახალხო დამცველსა და მედიის წარმომადგენლებს. 

დღეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) საქართველოს ხელისუფლებას , საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების გამოძიებისკენ მოუწოდა, არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული ცნობების გამო კი, საბჭო "შოკირებულია". 

IRCT თავის მოწოდებაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მისამართით გამოქვეყნდა, სრულად მიმოიხილავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ კატასტროფულ ვითარებას და ცნობად არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის და IRCT-ის ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლელა წისქარაშვილის ანგარიშები მოჰყავს. 

"IRCT შოკირებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული ცნობებით", - ვკითხულობთ IRCT-ის მოწოდებაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - "ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა გასამართლდეს, სახელმწიფომ კი პირდაპირი თუ ირიბი ძალადობის მსხვერპლი თითოეული ბავშვის სრული რეპარაცია და რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს".


close დახურვა