logo
ENG



ჯაფარიძე: ნაკლებად მჯერა, რომ სააკაშვილი არჩევნებამდე საქართველოში დაბრუნდება

07 სექ 202013:31
3 წუთის საკითხავი
clock 470
eket4tc6o3mkhak.jpg

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფორმულასთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის მობილიზებას ეხმაურება.

ჯაფარიძის თქმით, რეალური პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

"პარტიის პრეროგატივაა, ვინ იქნება მათი პრემიერმინისტრობის კანდიდატი,  ისევე როგორც სხვა პარტიების გადასაწყვეტია, თუ ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი, ამაში არაფერია გასაკვირი. სხვა საკითხია, არჩევნების შემდეგ რა შედეგები დაჯდება, პარლამენტში რა კონსულტაციები გაიმართება, ოცნების ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ, მოლაპარაკებების შედეგად, რეალურად, მას შემდეგ გახდება პრემიერი. ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის შიდა ამბავია, მათ შორის საკუთარი ელექტორატის მობილიზების და მეტი არაფერი", - აცხადებს გირჩის ლიდერი.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ სააკაშვილი არჩევნებამდე საქართველოში დაბრუნდება. 

"მე ნაკლებად მჯერა, რომ სააკაშვილი არჩევნებამდე საქართველოში დაბრუნდება. გამომდინარე იქიდან, რომ ორი წინა არჩევნების დროს იმავე ტიპის განცხადებას აკეთებდა, ხან რაღაცას მოვდივარო, ხან იმით მოვდივარო და იმის მერე არ ჩამოსულა. სკეპტიკურად ვარ განწყობილი და არ მჯერა, რომ არჩევნებამდე ჩამოსვლას აპირებს. არჩევნების შემდეგ, მისი ჩამოსვლა, ალბათ, შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

27 აგვისტოს კი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება დააანონსა. 


close დახურვა