„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მათ კანონიერი გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვთ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გზა რეპრესიებშია.
„გამორიცხული არაფერი არ არის და ამ მომენტისთვის რა კურსიც არჩეული აქვს გიგი უგულავას სკანდალური, სამარცხვინო, უტიფარი დაჭერის შემდეგ არის, რომ ნებისმიერი შეიძლება დაიჭიროს ხვალ, ყველა ვინც ამ სიაშია. ეს არის სიბრიყვე და ილუზია, როცა ფეხქვეშ პოლიტიკურად მიწა გეწვის ავტორიტარული რეჟიმები და ასეთი ოლიგარქები იღებენ ხოლმე იმ გადაწყვეტილებას, რომ შანსი ძალაუფლების შენარჩუნებაში არის რეპრესიებში და ეს მას არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ ძალიან დრამატულს გახდის მის ბედსაც“, - აცხადებს ბოკერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით კი, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღიაროს, რომ მელიას უფლებები დარღვეულია.
„ვნახოთ, იქნებ რომელიმე საკონსტიტუციო სასამრთლოს ეყოს გამბედაობა და პროფესიონალიზმი აღიაროს, რომ რეალურად დაირღვა ნიკა მელიას კონსტიტუციური უფლებები, როდესაც მას ივანიშვილის დავალებით დაედო ე.წ. სამაჯური და შეეზღუდა დეპუტატის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომ არ აჩუქოს კონსტიტუციო მმართველ გუნდს.
„მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევა იყო ანტიკონსტიტუციური ქმედება ოცნების მხრიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს აჩქარებენ, რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. მინდა მათ მივმართო, რომ „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე თვე დარჩა და ნუ აჩუქებთ კონსტიტუციას საკონსტიტუციო სასამართლო "ქართულ ოცნებას" და მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვაშაძემ.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მელიას საქმე ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.
„გაგრძელებაა ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის. ხდება საარჩევნოდ მოსუფთავება პოლიტიკური ველის, ასე აფასებენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. მოლოდინი არ მაქვს ოპტიმისტური, დიდი შანსია დააკავონ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. საქმე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოუხდა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის დატოვება. გარდა ამისა, მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
რაც შეეხება ბანკი ქართუს საქმეს - „ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერს ნიკა მელიას ჯარიმა, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა - სასამართლომ „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ გამოაცხადა. გამოძიება მასაც და ზურაბ ადეიშვილსაც, "ბანკი ქართუს" საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა.
მელიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაასაჩივრა და 10 მარტს გახდება ცნობილი მიუსჯიან თუ არა მელიას პატიმრობას „ქართუ ბანკის“ საქმეზე.