logo
ENG



ჯაფარიძე სათხილამურო კლუბს რეგულაციებისგან თავის დაღწევაში თმის შეჭრით ეხმარება

12 დეკ 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

სათხილამურო კლუბ პროლესკში ზურა ჯაფარიძე თმის შესაჭრელად მივიდა. აქცია-პერფორმანსი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვების გაპროტესტებას ემსახურება. ბიზნესსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ახალი შეზღუდვებით საქმიანობა აეკრძალათ, დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი ბიზნესი ამ ლოქდაუნს ვეღარ გადაურჩება. 

გირჩის ლიდერი კი, ჩვეულებისამებრ, სათხილამურო კლუბს რეგულაციებისგან თავის დაღწევაში ეხმარება. კლუბში მომხმარებლებს სალონურ მომსახურებას შესთავაზებენ, რადგან ახალი შეზღუდვებით სილამაზის სალონების საქმიანობა დაშვებულია. თხილამურებზე და ყინულის დაფაზე სრიალი კი სალონურ მომსახურებას პაკეტში "საჩუქრად" მოყვება.  

"მფლობელები აპროტესტებენ რეგულაციებს, რომლის გამოც მათ ბიზნესის გაჩერება მოუწიათ, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვთ ჩადებული", - ამბობს ჯაფარიძე, - "გააჩერეს სულ ტყუილად, არანაირი კავშირი ამას კორონავირუსთან არ აქვს". 

პროფილის ცვლილების შემდეგ კი, სათხილამურო კლუბი საქმიანობას ახალ შეზღუდვებთან შესაბამისობაში აგრძელებს. 

"შეგიძლიათ მოხვიდეთ, თმები გაიკრიჭოთ, წვერი გაისწოროთ და პაკეტში, საჩუქრად გაჩუქებენ თხილამურებზე ვარჯიშს", - ამბობს ჯაფარიძე. 

დაწესებულების მფლობელი კი ორჯერ გამოვლილი ლოქდაუნის შემდეგ აცხადებს, რომ სათხილამურო კლუბის დაკეტვა მოუწევს. მან ხელისუფლებასაც მიმართა დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. 

"ფაქტობრივად, დაკეტილები ვართ. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, პრემიერმინისტრის სახელზე წერილიც დავწერეთ, გადაგვამისამართეს ბიზნესომბუდსმენთან და ბიზნესომბუდსმენმა გვითხრა, კომპეტენტური არ ვარო", - ყვება გურამი ფორმულასთან

გურამი ამბობს, რომ პირველი ლოკდაუნის შემდეგ, რომელიც ქვეყანაში, მთავრობის გადაწვყეტილებით, მიმდინარე წლის გაზავფხულში ამოქმედდა, კომპანიამ კორონავირუსის პრევენციისთვის შემუშავებულ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის ფინანსური რესურსი დახარჯა, თუმცა ხარჯი უშედეგო აღმოჩნდა. 

"გარკვეული თანხები დავხარჯეთ, რომ მოვრგებოდით ამ რეგულაციებს და ისე გამოვიდა, რომ ტყუილად დავხარჯეთ ამხელა თანხა. ვაკმაყოფილებთ რეგულაციებს, მაგრამ ეგეც არ აღმოჩნდა საკმარისი და კიდევ ერთხელ ჩაგვკეტეს", - ამბობს გურამი. 

სათხილამურო კლუბის მფლობელი ამბობს, რომ ჯეროვანი შემოწმების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ვინაიდან, მისი თქმით, დაწესებულების მუშაობა კორონავირუსის გავრცელების რისკებს არ ქმნის. 

"ხო შეიძლება, ვინმე კომპეტენტური ადამიანი არსებობდეს, რომელიც აქ მოვა და ნახავს, რომ ეს ადგილი იმ რეგულაციებთან და კორონავირუსთან არაფერ შუაში არ არის", - ამბობს გურამი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმიანობა აეკრძალა თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტს, სილამაზის სალონებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. 

ახალი შეზღუდვების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ


close დახურვა