logo
ENG



ჯაღმაიძე: არაფერი დაშავდება თუ აღდგომას საფლავზე არ გავალთ

15 აპრ 202021:20
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღდგომა დღეს საფლავზე გასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ჩვეულება ხალხური ტრადიციის დონეზეა შემორჩენილი.

„აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხი. აღდგომაზე დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკის ქმედებას. ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა. ამიტომ, არაფერი ირღვევა თუ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეს არ გავიდეთ საფლავზე. უნდა მადლიერებით შევუდგეთ ამ საქმეს, რასაც ვხედავთ ექიმებისა და სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან. მადლობა ღმერთს, რომ აღდგომაზე სრული კარანტინი არ გვაქვს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, შესაძლოა, მსხვილ ქალაქებში სასაფლაოები დაიკეტოს.

ამავდროულად, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ამოქმედებულია ბოლნისსა და მარნეულშიც.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით სასულიერო პირიცაა დაინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისში, ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა.

 

 


close დახურვა