logo
ENG



ჯაში, ნაცვლიშვილი, ჯიშკარიანი, კვაჭანტირაძე და ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფებიან

10 სექ 202018:11
3 წუთის საკითხავი
 
vvsn3sf384noft1.jpg

ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ თანაგუნდელს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. შექმნილი ვითარების გამო, მათ თბილისის სათაო ოფისი დახურეს.

"ბუნებრივია, ჩვენი გუნდისთვის უპირველესია ადამიანების ჯანმრთელობა და ამიტომ ჩვენ დავხურეთ პარტიის თბილისის სათაო ოფისი. ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან სამუშაო შეხვედრა 6 სექტემბრის (კვირის) შემდეგ გადავედით თვითიზოლაციაში, მათ შორის, ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე. პარტია ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის ყველა ლიდერი არის უშუალოდ კონტაქტში ეპიდემიოლოგებთან და ვმოქმედებთ, მათი რეკომენდაციებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, დღეიდან საარჩევნო კამპანიას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

"ჩვენი ოფისები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ოფისს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ ამომრჩევლებთან ონლაინ კომუნიკაციის რეჟიმზე.

ვერ დავუშვებთ, რომ საარჩევნო კამპანიის გამო რისკის ქვეშ დავაყენოთ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა. ამიტომ დღეიდან აქტიურად ვერთვებით დისტანციურ რეჟიმზე და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას ონლაინ", - აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.​ პრემიერმინისტრისგიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, მეორე ტალღა იწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს.


close დახურვა