ისრაელმა 11 მაისის დილას ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო გასროლები განახორციელა და დაჯგუფება ჰამასის მეთაურის მრავალსართულიანი საცხოვრებელი და სამხედროების მიერ გაყვანილი ორი სასაზღვრო გვირაბი დაბომბა - ცხელი კონფლიქტი რეგიონში მას შემდეგ განახლდა, რაც ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.
შეტაკებები 10 მაისის ღამით განახლდა, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 24 პალესტინელი, მათ შორის, 9 ბავშვი დაიღუპა. საპასუხოდ, ღაზას სამხედროებმა ისრაელის მიმართულებით 250 სარაკეტო გასროლა განახორციელეს, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად 6 სამოქალაქო პირი დაშავდა.
ვითარების გამწვავების პარალელურად, ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო კამპანიის გაძლიერება დააანონსა - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელი ღაზას საზღვართან 5 000-მდე სამხედროს გაგზავნის.
ჰამასმა კი სამშაბათს დილას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიმართულებით 5 წუთში 137 რაკეტა გაისროლა, დაჯგუფების თქმით, სამხედრო კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, მათ ისრაელისთვის "კიდევ ბევრი სიურპრიზი აქვთ დაგეგმილი.
ჰამასსა და ისრაელს შორის წინა სამხედრო კონფლიქტები ძირითადად ყატარის, ეგვიპტისა და სხვა სახელმწიფოების მედიაციით შეწყდა, თუმცა ამჯერად უცნობია, რამდენად იმოქმედებს სხვა სახელმწიფოთა ჩართულობა გაჩაღებული კონფლიქტის დასასრულებლად.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენჯამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხედრო შეტაკებები "რაღაც დროის განმავლობაში" შეიძლება გაგრძელდეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, სამხედროები ღაზას მიმართულებით მომავალი თავდასხმებისთვის ემზადებიან.
სამხედრო შეტაკებებს პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. სადაო ქალაქსა და დასავლეთის სანაპიროს გასწვრივ მიმდინარე შეტაკებების შედეგად 700 პალესტინელი დაშავდა, 500 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ვითარება 10 მაისსაც გამწვავდა, 10 მაისს ისრაელის დღე აღინიშნება, 1967 წელს არაბეთთან ომში ქალაქის რამდენიმე დაკარგული ნაწილის დაბრუნების ნიშნად.