თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის მიერ თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი, რის გამოც თელავივი მზადყოფნაშია.
როგორც ჰაგარიმ აღნიშნა, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ისრაელის თავდაცვის ძალებმა პოზიციები გააძლიერა და ყველა დანაყოფთან მუდმივ კონტაქტზეა.
"მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, რადგან სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა", - თქვა ჰაგარიმ.
***
2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ისრაელს თავს დაესხა. თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ორგანიზაციას მძევლად 200-250 ადამიანი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის იყვნენ ბავშვები და მოხუცები. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები იყო ამოქმედებული. მაშინ ჰამასმა თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი.