logo
ENG



ჰოლდინგმა უარყო ინფორმაცია რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ევგენი პოდუბნის სიკვდილზე

08 აგვ 202413:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/08/tc6nvhx47nypq86.png

ВГТРК-ის ჰოლდინგმა უარყო ინფორმაცია, რომ რუსი პროპაგანდისტი და მათი სამხედრო ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი ლიკვიდირებულია და განაცხადა, რომ მან დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში განაცხადეს, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია. Rossiya-24-ის კორესპონდენტმა პირდაპირ ეთერში ექიმზე დაყრდნობით თქვა, რომ პროპაგანდისტს მძიმე დამწვრობა, თავის ტვინი ტრავმული და სახის დაზიანებები აქვს.

ჟურნალისტის თქმით, ექიმებმა დაადასტურეს, რომ ევგენი პოდუბნი გონზეა და "ლაპარაკობს". 

ჰოლდინგ ВГТРК-ს ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ საავადმყოფოში მიყვანისას ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმე იყო. თავდაპირველად მას ინტენსიური თერაპია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი სავალდებულო გამოკვლევები. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

7 აგვისტოს რუსეთის დუმის დეპუტატმა მიხაილ დელიაგინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში ლიკვიდირებულია რუსი პროპაგანდისტი და ВГТРК-ის სამხედრო ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი. პოდუბნის სიკვდილის შესახებ წყაროზე დაყრდნობით ცნობები გაავრცელა რუსულმა მედიამაც.

ტელეგრამში ასევე გავრცელდა პოდუბნის ვიდეო, სადაც ის ამბობდა, რომ კურსკის ოლქში იმყოფება. დღის განმავლობაში ის ჩაერთო ერთ-ერთ რუსულ არხს და კურსკის რაიონში მიმდინარე ბრძოლებს აშუქებდა.

რუსეთში, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს.  

***

რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".


close დახურვა