logo
ENG



ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმისას დაშავებული პირები გამოიკითხნენ

06 ივლ 202109:17
3 წუთის საკითხავი
 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებულ აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები, ოპერატორები და აქტივისტები ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოიკითხნენ. გამოკითხვა გვიან ღამე დასრულდა. 

დაშავებულების თქმით, საგამოძიებო უწყების კითხვები აქციაზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს ეხებოდა.

"მივეცი ჩვენება ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, მოვყევი, თუ როგორ დაგვესხნენ თავს მე და ჩემს ოპერატორს და როგორ იძალადეს ჩვენზე. ახლო მომავალში აპირებენ, რომ დამიბარონ და დაზარალებულის ცნობა მომცენ", - ამბობს ჟურნალისტი გიორგი პერტია

გამოკითხვები დღეს გაგრძელდება მედიის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ ვერ გამოკითხეს.

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა