საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 10-წლიან გეგმაზე სამუშაოდ ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების და რეფორმების საბჭო შექმნა
საბჭოს სათავეში სწორედ პრემიერმინისტრი ჩაუდგება.
როგორც მთავრობის პრესრელიზში წერია, განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.
განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები.
განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ვარდნა 8.3% იყო.
რაც შეეხება ინფლაციას - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის მარტში წლიური ინფლაცია 7.2% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 4.2 %-ით გაიზარდა.