logo
ENG



"არაა პირველი შემთხვევა" - ჯაღმაიძის თქმით, მლეთაში ოკუპანტები "კვირაში ერთხელ, ორჯერ ადიან"

26 ოქტ 202316:27
3 წუთის საკითხავი
clock 899
2023/10/26/flq4r4qakwpuxmd.jpg

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ჩავიდა და გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსა და ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ადგილზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროები თავისუფლად გადაადგილდებიან.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 2009 წელს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაატარეს სწორედ იმ ქედზე, რომელზეც მდებარეობს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მისივე თქმით, პერიოდულად, "კვირაში ერთხელ ან ორჯერ" ტერიტორიაზე რუსი სამხედროები პატრულირებენ და გუშინ გავრცელებული კადრები არ არის პირველი შემთხვევა.

"მინდა ამ სიუჟეტით პასუხი გაეცეს ზოგიერთ შეკითხვას, რომელიც ჩვენთან შემოვიდა. საქმე ეხება კადრებს, რომელიც გავიდა ამ ტერიტორიიდან, სადაც ჩანს რუსი სამხედროები, ამ ტერიტორიის ახლო-მახლო დრონით და რამდენიმე კაციანი შემადგენლობით მოძრაობა. საქმე იმაშია, რომ 2009 წლიდან ეს სასაზღვრო-პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა და პირობითი საზღვარი, ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის.

კვირაში ერთხელ ან ორჯერ, აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან და ეს გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ერთი უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ეს შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება მუდმივად ხდება დრონის საშუალებით და აქ ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები. სამწუხარო რეალობაა, რომ ქსნის ხეობა დაკავებული აქვთ რუს ჯარისკაცებს, ოკუპირებული აქვთ დროებით ეს ტერიტორია დროებით", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძე მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს. ჯაღმაიძის თქმით, საქართველოში რამდენიმე ლომისის ტაძარია და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა - "სიუჟეტიდან გაუგებარი იყო, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი".

ჯაღმაიძემ ოკუპანტების მიერ ტაძრის კარის აჭედვის "მიზეზზეც" ისაუბრა და თქვა, რომ რაღაც პერიოდის წინ იქ შესაძლებელი იყო გადასვლა, თუმცა "ვიღაცამ ააფრიალა იქ ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი, რომ რუს სამხედროებს მიეღოთ მკაცრი ზომები".

"კონკრეტულად გეტყვით, რაში არის საქმე. ლომისის ტაძარი რამდენიმე არის საქართველოში და გუშინდელ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობისგან არის აღებული ინტერვიუ, სადაც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდგომ, ეს კადრები გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი. სწორედ სოფელ კირბალშია ეს ტაძარი და მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ.

იქაც შესაძლებელი იყო რაღაც პერიოდის წინ გადასვლა, წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძრები რამდენიმე გვაქვს გორის რაიონში", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის ლაივში ადგილობრივ მღვდელს მამა გრიგოლსაც ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ადგილზე 2010 წლიდან იმყოფება და გუშინ "განსაკუთრებული არაფერი მომხდარა". მისივე თქმით, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტერიტორიას ყოველთვის პატრულირებენ.

"განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. 2010 წლიდან აქ ვარ, ყოველთვის იგივე ხდება. რაღაც პერიოდში პატრულირებენ, ხან ხშირად, გააჩნია, როდის გადაწყვეტენ პატრულირებას. გუშინაც ისეთივე ამბავი იყო, ჩვეულებრივ ამოვიდნენ, გაიარ-გამოიარეს, აქ ტაძართან ყოველთვის ისვენებენ და მერე გზას აგრძელებენ. გუშინაც ასე იყო, დაისვენეს, გადახედეს არაგვის ხეობას, გაიარ-გამოიარეს, დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ, ყოველთვის ასე ხდება", - განაცხადა მამა გრიგოლმა.

 

 


close დახურვა