logo
ENG



"ახალი არაფერია, აზრი მკითხა" - აბაშიძე ადასტურებს, რომ კარასინს ფრენებზე 2022 წელს ესაუბრა

01 ნოე 202300:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/01/qiyscre1v0dxrrs.jpg

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით 2022 წლის მარტში გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ზურაბ აბაშიძე ინტერპრესნიუსს ესაუბრა 31 ოქტომბერს, YouTube-ზე გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც აბაშიძე-კარასინი ფიგურირებენ. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე და პუტინის მიერ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებამდე თვეებით ადრე, რუსეთ-საქართველოს შორის ამ საკითხზე საუბრის დაწყების სურვილი არსებობდა.

აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინთან რომ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, "ამაში ახალი არაფერია" და კარასინმა მას "აზრი ჰკითხა".

"გრიგორი კარასინთან რომ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამაში ახალი არაფერია. ამისთვის შეიქმნა 2012 წლიდან ე.წ. პრაღის ფორმატი, კერძოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. წელიწადი და 8 თვეა რაც მასთან ამ და სხვა თემებზე არ გვისაუბრია. სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა გასული წლის მარტში.

მან აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით.

ამ საუბრის შემდეგ გრიგორი კარასინთან ეს თემა აღარ განხილულა", - თქვა ზურაბ აბაშიძემ. 

31 ოქტომბერს გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, კარასინი ფრენების აღდგენის იდეაზე საუბრობს და ამბობს, რომ სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება, ჯობია, მისი განხილვა გადადონ. ამ მოსაზრებას ეთანხმება, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძე და აცხადებს, რომ უნდა დაელოდონ, სანამ "შტორმი არ გადაივლის".

აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი გავრცელა იმ არხზე, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი გამოქვეყნდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.


close დახურვა