logo
ENG



დმანისის ყოფილი მერი დღევანდელ თავდასხმას 2021 წელს მომხდარის გაგრძელებად აფასებს

01 ნოე 202322:02
3 წუთის საკითხავი
clock 599
2023/11/01/3wwgkzus5ghlfua.png

დმანისის ყოფილი მერი, გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ დღეს მასზე განხორციელებული თავდასხმა 2021 წლის სექტემბრის მოვლენების გაგრძელებაა. ამის შესახებ მან გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები "დაუსჯელობის სინდრომის" შედეგია.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 სექტემბერს დმანისში ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ორი პირი დაჭრეს. მოგვიანებით მომხდარზე ერთი ადამიანი დააკავეს - ფორმულას ინფორმაციით, დაკავებული იყო დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი.

"გამოძიებას მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოვლენები განვითარდა. დანარჩენი გამოძიების დასადგენია, კონკრეტული პირები, ორგანიზატორები ვინ იყვნენ - თუ არ დადგინდება, ამ ეტაპზე, ორგანიზატორი ვინ იყო, დადგება ქვეყანაში დრო, როდესაც დადგინდება ორგანიზატორი ამ თავდასხმების, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება.

დარწმუნებული ვარ, ოდესმე ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, მალე, დადგება ის პერიოდი, დაუსჯელობის სინდრომი არ იქნება მასტიმულირებელი ადამიანებისთვის, თუ რომელიმე მმართველი პოლიტიკური ძალის ინდულგენციები, რომ ეს ადამიანები არ ისჯებოდნენ და დანაშაულებს ჩადიოდნენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების განვითარება იგეგმებოდა და იმის გაგრძელება. დღესაც ვადასტურებ და ვაცხადებ, რომ იგივე ადამიანები დგანან ამ ყველაფრის უკან.

სროლის არავის არ ეშინია და სროლებით არ გვარდება ეს საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს სხვა ფორმით. ფორმა არის ერთადერთი - თუ ადამიანებს აქვთ ინდულგენციები მმართველი პარტიის მხრიდან, ისინი დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობენ. სხვები მაგალითს იღებენ და შესაბამისად, ქვეყანაში იქმნება ისეთი ფონი, როგორიც არის დღეს", - განაცხადა მან.

დღეს დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს ავტომობილით გადაადგილების დროს ესროლეს - მისი თქმით, მანქანას, დაახლოებით, 5 ტყვია მოხვდა, ის არ დაშავებულა. ყოფილი მერი თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და კონკრეტულ ადამიანებსაც ასახელებს.


close დახურვა