logo
ENG



სარჯველაძე ევტუშენკოვზე: არ ვიცი, ვინ არის ეს კაცი, ვიღაც ბიზნესმენი რატომ უნდა ვიცოდე

03 ნოე 202314:21
3 წუთის საკითხავი
clock 423

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ არ იცის ვინ არის რუსი ოლიგარქი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა. 

"არ ვიცი, ვინ არის ეს კაცი, არ ვიცი, ვიღაც ბიზნესმენი რატომ უნდა ვიცოდე, ვალდებულება მაქვს?! არ ვიცნობ და რა გავაკეთო... გითხარით, არ ვიცი, ვინ არის და უნდა ვფლობდე ინფორმაციას, რომ აზრი ჰქონდეს კითხვის დასმას", - ამბობს სარჯველაძე ჟურნალისტებთან.

ოცნების დეპუტატის თქმით, არც ივანიშვილი-ევტუშენკოვის საუბარი ახსოვს. 

"ნამდვილად არ მახსოვს ასეთი საუბარი, რა გავაკეთო, დავაშავე? არ მახსოვს-მეთქი", - აცხადებს სარჯველაძე. 

აშშ-მა ევტუშენკოვის დაფუძნებული კომპანია სისტემა დაასანქცირა. ის იმ ასეულობით კომპანიას შორის მოხვდა, რომელსაც სანქციები უკრაინაში რუსეთის ომის გამო დაუწესდა. 

***

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცეპრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 

2022 წლის 26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს". 

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა