logo
ENG



კულტურის სამინისტროს დაფინანსებით რეზო ამაშუკელზე ფილმს გადაიღებენ

03 ნოე 202320:18
3 წუთის საკითხავი
clock 577
2023/11/03/xbuuwo2afbudyzv.jpg

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით პოეტ რეზო ამაშუკელზე ფილმი შეიქმნება. პროექტისთვის თანხა "კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის" კონკურსის ფარგლებში გამოიყოფა. ამაშუკელი 2022 წელს გარდაიცვალა. 

სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 137 834 ლარს. სამინისტროში სულ შემვიდა 59 განაცხადი, აქედან 13-მა პროექტმა გაიმარჯვა.

კონკურსში გაიმარჯვა შემდეგმა პროექტებმა:

1. „მშვიდობა მსოფლიოს“. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართება ზაზა კილასონიას საავტორო კონცერტი (განმახორციელებელი ფ/პ ზაზა კილასონია);
2. „სალონური საღამოები რეგიონებში - არაყიშვილი 150“. პროექტის ფარგლებში გაიმართება „ბათუმური ლირიკის“ წარმომადგენლების, ოპერის მომღერლების - ანა ლომიაშვილის (სოპრანო), ირაკლი (ერეკლე) გურგენიძისა (ბარიტონი) და საქართველოს დამსახურებული არტისტის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის, ნატალია ჭანტურიშვილის, კამერული კონცერტები. შესრულდება დიმიტრი არაყიშვილის ცნობილი რომანსები და არიები ოპერებიდან. კონცერტები გაიმართება ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში და მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვნის #3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში (განმახორციელებელი ა(ა)იპ „ბათუმური ლირიკა“);
3. ჯანი როდარის ზღაპარი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“. სენაკის თეატრში დაიდგმება სპექტაკლი ზღაპრის მიხედვით (განმახორციელებელი სსიპ ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
4. „უცნობი ოქროს ხანა“. პროექტი გულისხმობს დოკუმენტური ფილმის გადაღებას (განმახორციელებელი ა(ა)იპ ძეგლთა შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი);
5. „დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2023 - ქართველი ავტორები“. პროექტის ფარგლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დრამატურგიის ფესტივალი გაიმართება (განმახორციელებელი შპს „ქამელეონი“);
6. „გული ისევ ძველებურად ძგერს“. ცისფერი ტრიოს წევრის, თამაზ სეფერთელაძის, ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნება მცირე მუსიკალური კინოჩანახატი, ნახევრად ნატურალური და ნახევრად ანიმაციური ვიდეოკლიპი (განმახორციელებელი ფ/პ მალხაზ თავართქილაძე);
7. „ხიდი თავისუფალ შემოქმედებით სივრცეში“. პროექტი გულისხმობს სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემიის პარტნიორობასა და თანამშრომლობას, კერძოდ, სამხატვრო აკადემია უსასყიდლოდ ჩაატარებს კონსულტაციებს, რვა სტუდენტი უსასყიდლოდ მიიღებს მონაწილეობას მოხალისეობრივ საწყისებზე, ხოლო სამხატვრო აკადემიის ხუთი სტუდენტის ტრენერ-პედაგოგი სტუდენტებთან ერთად ჩაატარებს შემოქმედებით სამუშაო შეხვედრებს და პლენერ-მასტერკლასებს. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ. აქ ორჯერ ჩავა შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაო შეხვედრებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. ასევე შეიძენენ და სკოლას გადასცემენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალებსა და ინვენტარს. მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერესის მიხედვით განაწილდებიან ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, კერამიკის, მოდისა და ტექსტილის დიზაინის თემატურ ჯგუფებში. შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება „არტ ვილა გარიყულას“ სივრცეში (განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია);
8. „ადამიანი მაინც მარტოა - პოეტ რეზო ამაშუკელის ვიდეოპორტრეტი. შეიქმნება ფილმი პოეტ რეზო ამაშუკელზე (განმახორციელებელი ა(ა)იპ „აპოლონი და ოლიმპია“);
9. „აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩები - ტრადიციის შენარჩუნება “. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანელი პროფესიონალი მქსოველები ჩაატარებენ უფასო მასტერკლასებს, მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა (განმახორციელებელი სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი);
10. „დაზგური გრაფიკის პოპულარიზაცია“. პროექტით დაგეგმილია დაზგური გრაფიკის პოპულარიზაცია, შიდა და ქვემო ქართლის სოფლებიდან მოსწავლეების თბილისში ტრანსპორტირება და მათთვის ოთხკვირიანი სასწავლო კურსის ჩატარება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისთვის (განმახორციელებელი ფ/პ დავით სილაგაძე);
11. ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქორეოექო “. ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდება იმერეთში, საჩხერის კულტურის სახლში (განმახორციელებელი ქ. თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი);
12.„ვიდეოსტუდიის განვითარება“. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნება სტუდიის ტექნიკური აღჭურვილობა. (განმახორციელებელი ფ/პ ზურაბ შიოშვილი);
13. „მათ შექმნეს ეპოქა“. შეიქმნება ხელოვნების შესახებ ორი დოკუმენტური ჩანახატი (განმახორციელებელი ფ/პ ნათია ბერიძე).


close დახურვა