logo
ENG



ილია II: ოკუპანტთა მხრიდან გინტურისთვის ნასროლი 2 ტყვია მათი დიდი დანაშაული, სირცხვილია

08 ნოე 202316:27
3 წუთის საკითხავი
 
ილია II: ოკუპანტთა მხრიდან გინტურისთვის ნასროლი 2 ტყვია მათი დიდი დანაშაული, სირცხვილია

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.

ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა"- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა