logo
ENG



"საკითხი დახურულია, ამაზე საუბარი უკვე წარსულია" - ღუდუშაური საარჩევნო ბარიერის დაწევაზე

13 ნოე 202311:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/mjy32lb8db13t43.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით "საკითხი დახურულია". ღუდუშაურის მტკიცებით, "არასდროს ყოფილა, რომ დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტს მაღალი ხარისხი ეჩვენებინა".

ღუდუშაური ირწმუნება, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა "დესტრუქციულ ჯგუფებს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტი გადააქციონ პოლიგონად", რასაც მისივე თქმით, უმრავლესობა "არ მიესალმება და არ დაუშვებს".

"ბარიერთან დაკავშირებით - ეს საკითხი არის დახურული და მე მგონი ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები, პოზიციები, რომლებიც მაგალითად 1 წლის უკან იყო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ შეიძლებოდა ამაზე მსჯელობა, ოღონდ ეს იყო, თუ მაგალითად, ეს მოხდებოდა 2022 წელს. ერთ-ერთ წინაპირობად ჩვენგან იყო დასახელებული, რომ რადიკალურ ოპოზიციას, დესტრუქციულ ოპოზიციას უნდა დაეწია ტემპერატურისთვის და ფოკუსი უნდა გაესწორებინა არა არეულობაზე, საბოტაჟზე, არამედ ქვეყნის ინტერესებზე, რაც ბუნებრივია მათგან პირიქით განხორციელდა. [...]

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, საქართველოს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით, არასდროს ყოფილა, რომ როდესაც დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილი პარლამენტი რაიმე სახით აჩვენებდა მაღალ ხარისხს სახელმწიფოს, შესაბამისად, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ პარლამენტი იყოს საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და არა ვიწროპარტიულ და ანგაჟირებულ საკითხებზე. თვალნათლივ ვხედავთ, რომ ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ რადიკალურ და დესტრუქციულ ჯგუფებს მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტი გადააქციონ პოლიგონად, საცირკო წარმოდგენად, რასაც ჩვენ ბუნებრივია არ მივესალმებით, ვერ დავუშვებთ. [...] ეს საკითხი არის დახურული და ამ საკითხზე საუბარი უკვე არის წარსული", - აცხადებს ღუდუშაური.

2022 წლის 7 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.


close დახურვა