უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ადასტურებს ინფორმაციას რუსეთის ტყვეობაში მყოფ ორ ქართველთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი მათი რეგიონის წევრები არ არიან. მამულაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიციიდან გამომდინარე, მათგან რაიმე დიპლომატიურ ნაბიჯს არ ელოდება.
"სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩავარდა ორი ქართველი ტყვედ - წარმომადგენლები იყვნენ რომელიღაც უკრაინული ბატალიონის, ჯერ არ არის გარკვეული, შეიძლება, საერთაშორისო ლეგიონი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ქართულ ლეგიონთან არ ჰქონიათ შეხება ამ ბიჭებს. ვერ გეტყვით, ზუსტად რა ადგილას, მაგრამ რამდენადაც ვიცი, დონეცკის ოლქში. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ არიან, მე ასე მგონია, იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ ტყვედ ნამყოფი აფხაზეთში და კარგად ვიცი, რას ნიშნავს რუსეთის ხელში ტყვედ ყოფნა. როდესაც ვიცით საქართველოს მთავრობის პოზიცია, არ მგონია, რომ რაიმე დიპლომატიური მეთოდი იხმარონ, რათა ეს ტყვეები იყვნენ გადაცვლილები ან დაიცვან საკუთარი მოქალაქეები და საკმაოდ გართულებული იქნება, ჩემი აზრით, სიტუაცია", - განაცხადა მან ფორმულასთან სატელეფონო ჩართვის დროს.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედროს ტყვედ აიყვანეს. სამინისტროს მტკიცებით, ესენი არიან საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბეთიძე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ Telegram-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ქართველი ტყვის დაკითხვის კადრებია და აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში სნაიპერი იყო.
გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტყვედ აყვანილია ამავე ლეგიონის კიდევ ერთი მებრძოლი, საქართველოს მოქალაქე გიორგი ჩუბითიძე. რუსული მედია ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქეების ვიდეოს ავრცელებს და მათ დაქირავებულებს უწოდებს.