საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 73% არ უჭერს მხარს, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში თავისუფლად უვიზოდ შემოსვლას, ბიზნესის რეგისტრირებასა და ქონების შეძენას.
კვლევის მიხედვით:
- 18% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში თავისუფლად უვიზოდ შემოსვლას;
- 7% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის რეგისტრირებას;
- 7% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენას;
- 6% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე/ არ იცის პასუხი
გარდა ამისა, კითხვაზე, რომელი ქვეყანა მიგაჩნია საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ, 69% რუსეთს ასახელებს. 4%-მა განაცხადა, რომ არცერთი, ხოლო 16%-მა უარი თქვა პასუხზე ან თქვა, რომ არ იცის. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებს რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა:
- თურქეთი - 11%;
- აშშ - 6%;
- ჩინეთი - 5%;
- უკრაინა - 3%;
- ირანი - 3%.
რაც შეეხება საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს, გამოკითხული მოსახლეობის 77% რუსეთს ასახელებს.
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში, რესპონდენტებთან პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 73%, ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტია.