ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "არ ახსენდება უზრდელობის ფაქტი უმრავლესობის დეპუტატებისგან", თუმცა აქვე ამტკიცებს, რომ "არ ახსენდება ქალი დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებიც რეგულარულად არ უზრდელობენ".
ამ განცხადებით ირაკლი კობახიძე 17 ნოემბერს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.
კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები "პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას" ახდენენ. ის მოუწოდებს თანაგუნდელებს, "არ აჰყვნენ პროვოკაციებს", თუმცა აქვე ამბობს, რომ "ხანდახან ეს მარტივი არ არის".
"თითქმის არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, ალბათ, არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ქალი დეპუტატებიდან, უბრალოდ, რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა. ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას, პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რომ ნუ იქნება ცალმხრივი შეფასებები, სრულად შეაფასოთ ხოლმე ის ინციდენტები, რაც ხდება. [...]
რაც შეეხება ჩვენს დეპუტატებს, ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში, არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი. იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთმა დეპუტატმა ბოდიშიც კი მოიხადა, თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან. იყო მეორე შემთხვევა, როდესაც იყო აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები და ამაზე მისცა გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა. რა თქმა უნდა, ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ ასეთ პროვოკაციებს, თუმცა ხანდახან მარტივი არ არის ხოლმე, ხანდახან ადამიანებს ნერვები უმტყუნებს, როდესაც ასეთ უხეშ უზრდელობას ისმენს. ეს არის საერთო სურათი. მოვუწოდებ ყველას, შეეშვან პროვოკაციებს და ჩვენიანებს მოვუწოდებ, ნუ ექნებათ რეაგირება პროვოკაციებზე", - ამბობს კობახიძე.
17 ნოემბერს, მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.
მანამდე, 31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.