logo
ENG



მთის ამბები: ყაზბეგის მერმა სცემა მოქალაქეს, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

21 ნოე 202323:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/21/ayrvoqrwqvqpqju.jpeg

მთის ამბების ინფორმაციით, დღეს, 21 ნოემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მდინარე თერგზე კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მერმა მოქალაქეს ჯერ განმარტება მოსთხოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო, რის შემდეგაც ხალხის თანდასწრებით სახეში დაარტყა და დაამცირა.

გამოცემა აქვეყნებს პოსტს, რომელსაც ინციდენტამდე კაცი, რომელსაც მერი ფიზიკურად გაუსწორდა, Facebook-ზე წერდა: "ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და „კამარა ჰესის“ პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან ეს უტვინოები. არბოლებენ თავის ხელის ბიჭებსა სოფლებში. ამათი დანდობა და გათვალისწინება აღარ შეიძლება, სუყველა გამყიდველი ნაძირალა მხილებული უნდა იქნეს".

მთის ამბები წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვს ყაზბეგის პოლიციას, მომხდარზე გამოძიება ფორმალურადაც კი არ არის დაწყებული. გამოცემის ცნობით, ბაკურ ავსაჯანიშვილი, ვიდრე მას ქართული ოცნებიდან მერად აირჩევდნენ, 2012-20 წლებში ყაზბეგის პოლიციის უფროსი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

მთის ამბები ადგილობრივ აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზბეგის მერი კამარა ჰესის პროექტს აქტიურად ლობირებს და მისი დავალებით ამ პროცესში ჩართულნი არიან სხვა საჯარო მოხელეებიც.

საქართველოს ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში კამარა ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ.

7 ოქტომბერს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ინტერესების ლობირებაშია მხილებული ადგილობრივი ხელისუფლებაც, მერიის წარმომადგენლები ხეობაში, სადაც თერგი მილებში უნდა დაამწყვდიონ - კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ჰპირდებიან რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დენი უფასო ექნებათ.

არა რუსულ ჰესს - შაბათის ფორმულა


close დახურვა