logo
ENG



ხაბეიშვილი: ნიკა მელია არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, აღარ არის პარტიის წევრი

27 ნოე 202301:00
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა კვირის ფორმულაში პარტიის ყოფილ თავმჯდომარეზე ისაუბრა. ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას".

"საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი [ნიკა მელია] არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. აღარ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით", - თქვა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს ჰკითხეს, გაუშვა თუ არა მან პარტიიდან ნიკა მელია, რომელმაც ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეზე პარტიის მიერ წარდგენილ მანიფესტს ხელი არ მოაწერა.

"მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. [...] ის არ ირიცხება ნაციონალურ მოძრაობაში", - თქვა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, თუ მელია მორჩება ენმ-ის "დისკრედიტაციას, მზად იქნება მასთან სათანამშრომლოდ".

"თუ ხვალ ნიკა მელია იტყვის, რომ ის აპირებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და ის მორჩება ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციას და ტალახის სროლას, ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ სათანამშრომლოდ, დღეს ის აღარ წარმოადგენს პარტიას", - თქვა ხაბეიშვილმა.

***

ნაციონალური მოძრაობა 11-პუნქტიან მანიფესტს: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" აქვეყნებს, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.

ნაციონალური მოძრაობის 11-პუნქტიანი მანიფესტი სრულად

პარტიული მანიფესტის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".

სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი შეკრება გაიმართება, რომელზეც ბევრი საკითხი განიხილება.

ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა 23 ნოემბერი პარტიაში ერთიანობის გამოვლინების დღე და "ვინც წასვლას აპირებენ - წავლენ, თუ დარჩებიან", რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ არადა, გავუშვებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".

 


close დახურვა