logo
ENG



IDF-ში ადასტურებენ, რომ ჰამასმა წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა

28 ნოე 202323:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/28/i5f2d637lw9vt1f.jpg
Mohammed Abed/AFP/Getty Images

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ჰამასმა წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა. მათივე ცნობით, მძევლებს შორის 10 ისრაელის, ხოლო 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ისრაელის მედია წერს, რომ გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს შორის 9 ქალი და 1 ბავშვია. გარდა ამისა, მედიაში ამბობენ, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი 30 პალესტინელ პატიმარს მოგვიანებით გაათავისუფლებს.

მძევლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისშიც დაადასტურეს.

კატარის საგარეო უწყება გუშინ, 27 ნოემბერს აცხადებდა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება ორი დღით გახანგრძლივდა. 

თავდაპირველი შეთანხმება 4 დღეს მოიცავდა და ქალების, ბავშვების გათავისუფლებას, ასევე, დროებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა - ის კატარის შუამავლობით შედგა. ისრაელი და აშშ მიიჩნევენ, რომ ჰამასს მძევლად 50-ზე მეტი ქალი და ბავშვი ჰყავს.

შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჰამასმა 58 მძევალი გაათავისუფლა, სანაცვლოდ ისრაელმა ტერორისტულ დაჯგუფებას 117 პალესტინელი პატიმარი გადასცა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰამასმა მძევლად, დაახლოებით, 240 ადამიანი აიყვანა, თუმცა დიპლომატიური წყაროები CNN-ს ეუბნებიან, რომ 40-ზე მეტი ადამიანი, შესაძლოა, სხვა ჯგუფებს ჰყავდეთ დატყვევებული.

ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული შეთანხმება კი გულისხმობს ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებას, ამიტომ უცნობია, შეთანხმების გახანგრძლივების შემთხვევაში, მოხერხდება თუ არა დამატებითი მძევლების პოვნა.


close დახურვა