logo
ENG



გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვეს

04 დეკ 202311:17
3 წუთის საკითხავი
clock 451

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა და გიორგი კირთაძემ პარტია დატოვეს. განცხადება ცოტა ხნის წინ გიორგი კირთაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ ნაციონალურ მოძრაობას. ზეწოლის გაძლება, რომელიც მომდინარეობდა ქართული ოცნების წევრების მხრიდან არ იყო მაინცდამაინც რთული, იმიტომ რომ იქ იდეების და იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ეს მარტივად შევძელით. მაგრამ, როდესაც იდეებისგან იცლება საქმე, რომლისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს.

სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, რა თქმა უნდა, ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეალების ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას. ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში და მან უნდა დატოვოს საპყრობილე, გათავისუფლდეს ტყვეობიდან და რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ ამ ყველაფერს უკვე გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ნაციონალური მოძრაობა ბათუმში პარტიის 8 წევრმა დატოვა. მათ შორის არიან საკრებულოს 7 დეპუტატი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გიორგი კირთაძე.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კირთაძემ პარტიის მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ მანიფესტს ხელი არ მოაწერა. ის ამბობდა, რომ ჩანაწერს, რომელშიც ენმ-ის ამჟამინდელი პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმურობაზეა საუბარი, არ ეთანხმება.


close დახურვა