ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ანგარიშების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის მიტაცებას და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს ექვს წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ანგარიშები სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოგვიდგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე მისი გუნდის მიერ დახატული სურათისგან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პუტინს კონფლიქტის დასრულება სურს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უახლესი ანგარიში სექტემბრის ბოლოთი თარიღდება.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დაზვერვის მონაცემები ასევე ეწინააღმდეგება პუტინის უარყოფას, რომ ის ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
Reuters-ის წყაროების ცნობით, დაზვერვის მონაცემები დიდწილად ემთხვევა ევროპელი ლიდერებისა და სადაზვერვო სააგენტოების შეხედულებებს, რომელთა მიხედვითაც პუტინს მიზნად აქვს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ტერიტორიების დაუფლება, მათ შორის NATO-ს წევრი სახელმწიფოებისაც.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრის, მაიკ კვიგლის განცხადებით დაზვერვის მონაცემებით, პუტინს ყოველთვის მეტი სურს.
"ევროპელები ამაში დარწმუნებულები არიან. პოლონელები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები თვლიან, რომ ისინი პირველები არიან"- განაცხადა მან.
