logo
ENG



"ფარისევლობაში არ შევუერთდები" - მდინარაძე 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშზე

07 დეკ 202315:35
3 წუთის საკითხავი
clock 387
"ფარისევლობაში არ შევუერთდები" - მდინარაძე 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშზე
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მსვლელობას "ფარისევლობას" უწოდებს. მდინარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეუერთდება თუ არა დაგეგმილ მარშს, რაზეც უპასუხა, რომ "ფარისევლობას არ შეუერთდება".

ამ კონტექსტში მამუკა მდინარაძემ კანდიდატის სტატუსზე და ოპოზიციის როლზე ისაუბრა. ის ირწმუნება, რომ ოპოზიცია "საქართველოსთვის მომგებიანად რომ მოქცეულიყო, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი შარშანვე ექნებოდა". ამასთან, ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ოპოზიციას მოუწოდა, შეუერთდნენ ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ "ზეიმს", რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება. 

"მარშს აკეთებენ 9-ში? ეს მარში თუ არ იქნა, გამორიცხულია პოზიტიური გადაწყვეტილება რომ იყოს. რა სისულელეს აკეთებენ, რაღაცნაირად მიეწებონ ამ თემას. ამ თემაზე მიწებება თუ უნდოდათ, ეს კაი დედმამიშვილები მოსულიყვნენ აქ, დამსხდარიყვნენ და საქმე გაეკეთებინათ ელემენტარული მაინც. ფული არ ეხადათ ლობისტებში, ევროპაში და ამერიკაში არ ერბინათ ევროინტეგრაციის პროცესის ჩასაშლელად, სტატუსის მიღების პროცესის ჩასაშლელად და იქ სიბინძურეები არ შეეკვეთათ და ამაში უზარმაზარი თანხები არ გადაეხადათ და მერე საზოგადოება დაიჯერებდა, რომ მათაც რაღაც წვლილი შეიტანეს. [...] 

ასე რომ მოქცეულიყვნენ, საქართველოსთვის პოზიტიურად, მომგებიანად რომ მოქცეულიყვნენ, შარშან გვექნებოდა სტატუსი და ეს ასეა. ბევრი რამ იყო ამაზე დამოკიდებული. მაგრამ როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციას, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ვითომ პრეზიდენტი, ფორმალური პრეზიდენტი რომ არის და სინამდვილეში ერთი ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილიც რომ ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში. შეუერთდნენ საერთო ზეიმს, თუ ძალიან უნდათ, მაგალითად რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს იქნება, რომელიც დააანონსა. თუ ძალიან უნდათ, გამოვიდნენ, წყნარად, თავი დახარონ და მოიბოდიშონ, რა სიბინძურეებიც აკეთეს წლების განმავლობაში და მერე დავუჯერებთ", - აცხადებს მდინარაძე. 

9 დეკემბერს, შაბათს მარში სახელწოდებით "შენი ხმა ევროკავშირს" რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყება - მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა