logo
ENG



"გვსურს ვიხილოთ სამართლიანი მიდგომა ყველას მიმართ" - ავსტრიის მინისტრი EU-ის გაფართოებაზე

12 დეკ 202320:12
3 წუთის საკითხავი
 

ავსტრიის მინისტრი ევროპის საკითხებში, კაროლინე ედშტადლერი ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით "სამართლიან მიდგომაზე" საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკრაინა-მოლდოვას, ასევე, ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევაში სტანდარტი განსხვავებული არ უნდა იყოს.

"ჩვენ სოლიდარული ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას, უბრალოდ გვსურს ვიხილოთ მკაფიო და სამართლიანი მიდგომა ყველა წევრი სახელმწიფოსა და მომავალი წევრი სახელმწიფოს მიმართ. როდესაც ვსაუბრობთ გაწევრიანების პროცესზე, უნდა დავინახოთ, რომ არ არსებობს განსხვავებული სტანდარტი, ერთი მხრივ, უკრაინა-მოლდოვის, მეორე მხრივ კი, ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევაში. გვინდა, ისინი ერთ ნავში ვიხილოთ", - განაცხადა მან.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

6 დეკემბერს კი უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

***

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა