logo
ENG



ტუსკი: საქართველო ჩემს გულშია და შეგიძლიათ, როგორც ყოველთვის, გქონდეთ ჩემი იმედი

13 დეკ 202321:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/13/3y2i3m20rg0ba89.jpg

პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს, შეუძლია, მათი იმედი ჰქონდეს. ის, ასევე, საუბრობს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ ევროპის მიერ უკრაინის მიმართ ეფექტური მხარდაჭერის გაგრძელება უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენთვის, როგორც ევროპისთვის ახალ უმნიშვნელოვანესია უკრაინის ეფექტური მხარდაჭერა. მე ვერ მივიღებ ასეთ განწყობას, აპათიას, უკრაინით დაღლილობას. ეს უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ მხოლოდ უკრაინაზე ან რუსულ აგრესიაზე არ ვსაუბრობთ, საუბარია ჩვენს მომავალზე.

დღეს და ხვალ მე მუშაობას დავიწყებ დარწმუნებით, ესაა მძიმე რუტინა. ჩვენ არ ველით სასწაულებს პოლიტიკაში, ჩვენ დღეს გვჭირდება იმ რწმენის გამყარება, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს, რომ ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ იმ სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების წინააღმდეგია.

ჩვენ გვყავს აქ შედარებით რთული პარტნიორები ამ კონტექსტში. ჩვენ ვეცდებით მათ დარწმუნებას, იყვნენ უფრო პოზიტიურები. პრემიერი ორბანი ძალიან პრაგმატული პოლიტიკოსია, ეს კომპლიმენტია. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ იცით, რომ საქართველო ჩემს გულშია და შეგიძლიათ, როგორც ყოველთვის, გქონდეთ ჩემი იმედი", - აღნიშნა მან.

დღეს, ევროკავშირის სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. უცნობია შეხვედრის ზუსტი დეტალები, თუმცა საკითხი, სავარაუდოდ, ეხებოდა უნგრეთის პოზიციას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვასთან დაკავშირებით.

ბოლო ცნობებით, ორბანს საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ის ისევ იმეორებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს. უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანი კვლავ ამტკიცებდა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღება ევროკავშირში არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ ემსახურება.

უცხოურ მედიას უნგრეთის პრემიერმინისტრის მრჩეველმა უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია უნგრეთისთვის გამოყოფილ და გაყინულ, ჯამში 30 მილიარდის ღირებულების აქტივებს განბლოკავს, შესაძლოა უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უნგრეთმა არ დაბლოკოს.

5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მისწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს სამიტზე ცნობილი გახდება მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა