logo
ENG



ოპოზიციის ნაწილი ქართული ოცნების საზეიმო ღონისძიებას შეუერთდება

15 დეკ 202313:05
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ზეიმს შეუერთდება.

თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. შეკრება 17:00 საათზე დაიწყება. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე მისვლას გეგმავს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ეს საქართველოს ზეიმია და სიტყვითაც გამოვა, თუ ამისი შესაძლებლობა მიეცემა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ზეიმს ვერავის დაუშლი: "მაგრამ ყველამ კარგად იცის, ვინ რა როლი შეასრულა ამ ისტორიული გამარჯვების დღის მიტანაში. აქედან გამომდინარე, რიგით წევრობას ვერავინ ვერავის ვერ დაუშლის, როგორც რიგითი მოქალაქე ყველა უნდა ზეიმობდეს ამას. დღეს მაინც გაიღიმეთ მეგობრებო, რა თქმა უნდა, ღვარძლი გაქვთ, მაგრამ დღეს მაინც გაიღიმეთ იმიტომ, რომ ეს ზეიმი ყველასია, მათ შორის თქვენი, ვინც ებრძოდით ამ სტატუსს".

ლელოს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს:

"საზოგადოებაში არის დიდი სიხარული, საზეიმო განწყობა და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვალდებულია რომ დააორგანიზოს ზეიმი. მე ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად ევროპისთვის ბრძოლაში და რა თქმა უნდა ვიქნები ზეიმშიც".

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, დღეს სიხარულისა და ზეიმის და არა კომპლექსების დროა. მისივე მოსაზრებით, პრეზიდენტის მისვლა ამ ღონისძიებაზე სწორი გადაწყვეტილებაა:

"მე ვაპირებ, რომ ამ ზეიმში ვიყო ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად და მათთან ერთად გამიხარდეს".

დეპუტატი თამუნა კორძაია აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს ზეიმში მაინც უნდა აჩვენონ ერთიანობა და პოლიტიკური კონსენსუსი:

"ამიტომ მგონია, რომ უნდა ვიყოთ [ღონისძიებაზე] და ხვალიდან უნდა გადავიდეთ სერიოზულ შრომაზე".

პარტია საქართველოსთვის დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ყველა საზეიმო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას:

"ჩვენ ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ეძღვნება და ემსახურება იმის აღნიშვნას, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აბსოლუტურად ყველაში".

ქართული ოცნების ღონისძიებას გამოეხმაურა ევროოპტიმისტების თავმჯდომარე, რომან გოცირიძეს. მისი თქმით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუ ირაკლი ღარიბაშვილი ბოდიშს მოუხდის იმ ადამიანებს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის იბრძოდნენ და დაარბიეს:

"ის ადამიანები უნდა დაპატიჟოს პერსონალურად. ბოდიშის მოხდისა და პერსონალური დაპატიჟების შემდეგ, შესაძლებელია, რომ პირადად მეც ვიყო იქ".

ლელოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიული დაყოფის დრო არაა:

"ვფიქრობ, რომ ვისაც აქვს სურვილი, დაესწრება ამ ზეიმს და სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა მიეცეს ყველას, ვისაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი".

დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებში არის საზეიმო განწყობა და ვისაც სადაც უნდა იქ მივიდეს.

"გუშინაც ვზეიმობდით, აღვნიშნავდით დღესაც სხვადასხვა ფორმით აპირებენ მოქალაქეები აღნიშვნას. ვისაც სადაც უნდა იქ უნდა ამივიდეს, მაგალითად ჩვენ ორ საათზე გვაქვს ნაციონალურ მოძრაობაში გამარჯვების კოალიციას ამის აღნიშვნის ღონისძიებაა. ძალიან კარგი ევროპული, ქართული ფორმით. ვისაც უნდა მხარდამჭერებს შეუძლიათ მოვიდნენ ამ ღონისძიებაზეც", - განაცხადა მანჯგალაძემ.


close დახურვა