logo
ENG



"ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები" - საგარეო მაგნიტსკის სიაზე

19 დეკ 202314:41
3 წუთის საკითხავი
 
"ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები" - საგარეო მაგნიტსკის სიაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროში ე.წ. მაგნიტსკის სიის გახანგრძლივებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ "საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები".

რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკას, უწყების მტკიცებით, მონაცემები "ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად - 50%-მდეა გაზრდილი".

საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიის 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა.

"მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს კანდიდატმა ქვეყნებმა - ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ასევე ისლანდიამ, ლიხტენშტაინმა და ნორვეგიამ. მხარდამჭერი ქვეყნების სიაში საქართველო არ არის.

საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერების წინააღმდეგ სანქციებს.

 2020 წელს საქართველო ევროპულ "მაგნიტსკის სიას" შეუერთდა, თუმცა სანქციების გახანგრძლივების შემდგომ გადაწყვეტილებებში საქართველო ნახსენები არ არის.

***

მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

 


close დახურვა