საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის ძმამ ნიკოლოზ გინტურმა დღეს ოკუპანტების მიერ ჩაცხრილული მისი ძმის ავტომობილი ნახა, რომელსაც ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოში ექსპერტიზა უტარდება.
ნიკოლოზ გინტურის თქმით, მანქანას 35-ზე მეტი ნატყვიარი აღმოაჩნდა.
"დავათვალიერე ჩემი ძმის მანქანა, ვნახე. იძახდნენ, რომ 3-4 ტყვია აქვს ნასროლიო, მაგრამ 35 ტყვიაზე მეტი აქვს ნასროლი, რაც მე დავთვალე", - ამბობს ნიკოლოზ გინტური.
ამასთან, მან დღეს განაცხადა, რომ ოჯახი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ იმედი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეებს დააკავებს.
***
თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.
დოთიაშვილი იხსენებს, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს. მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ამბობს, მანქანიდან დაჭრილი თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდო მკვლელები არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.