logo
ENG



კოლომინა: თუ ოჩამჩირეში რუსეთის დაანონსებული სამხედრო ბაზიდან დაგვესხმებიან, NATO იმოქმედებს

25 დეკ 202309:22
3 წუთის საკითხავი
 

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს.

ეს განცხადება მან საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა. ის ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია.

ამასთან, მან საქართველო-NATO-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გეზისადმი და NATO გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის, როცა ვხედავთ რუსეთის მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის NATO-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, NATO-ს ექნება შესაძლებლობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება.

შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეს მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში, NATO-ს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში, ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია NATO-სთვის. ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ როგორც NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში", - ამბობს ხავიერ კოლომინა.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


close დახურვა