logo
ENG



რას ამბობდა ივანიშვილი "წასვლებსა და დაბრუნებებზე"

30 დეკ 202316:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/vvwsehvlvrkv7x9.jpg

30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში "დაბრუნების" შესახებ კვლავ ამცნო საზოგადოებას - ამჯერად, ქართული ოცნების დამფუძნებელმა პარტიაში ახლად შექმნილი, "საპატიო თავმჯდომარის" თანამდებობა დაიკავა და განაცხადა, რომ ის გუნდის მთავარი მრჩეველი იქნება და მართვის ფუნქციებს არ შეითავსებს.

აქვე, მან ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი გამოყო, მათ შორის დაასახელა "ოპოზიციის არარსებობაა" და "ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა". ივანიშვილმა ახსენა "კორუფციის რისკის" არსებობაც, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა ოფიციალურად რამდენჯერმე დატოვა - პირველად ამის შესახებ 2013 წელს განაცხადა. 2018 წლის გაზაფხულზე კი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად დაბრუნდა, ხოლო 2021 წლის იანვარში საზოგადოებას საჯარო წერილით ამცნო, რომ პოლიტიკას ისევ ტოვებდა.

2013 წელი

2013 წელს ის აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც "მოახერხა და ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკას გაისტუმრა", თავისი "მისია" შეასრულა. აქვე, ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას ის აღარ აპირებდა.

"მე მოვახერხე და ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკიდან გავისტუმრე. ჩემი მისია შევასრულე. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში მეც მივდივარ პოლიტიკიდან. ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. მე შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მოვახერხე ცვლილებები. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს. ვფიქრობ, ჩემი ახალი როლი უფრო საინტერესო იქნება. მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ".

მანამდე გამოქვეყნებულ ღია წერილში კი ის აღნიშნავდა, რომ თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, ისე ისევ დაბრუნდებოდა აქტიურ პოლიტიკაში.

ივანიშვილი საუბრობდა "ჭარბ ნდობაზეც" და აცხადებდა, რომ "საზოგადოების ნაწილი" გახდებოდა და მათ "მუხტს" გააძლიერებდა.

"ჭარბი ნდობა მაქვს საზოგადოებისგან და საზოგადოების ნაწილი გავხდები. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მუხტს და ძალას გავაძლიერებ და იქიდან მოვთხოვ ხელისუფლებას, მაგრამ არა კულისებიდან და სარდაფიდან, ამას როგორ ვიკადრებ?".

2015 წელი

ივანიშვილი მომდევნო წლებშიც ამტკიცებდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა, მეტიც, ამბობდა, რომ ეს "სწორი" არ იქნებოდა, თუმცა აქვე საუბრობდა "აუცილებლობაზე", რა შემთხვევაშიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. აქვე ივანიშვილი აქცენტებს "ჭარბ ნდობაზე" აკეთებდა და თავის დაბრუნებას "მეორედ მოსვლას" ადარებდა.

"ჩემი წამოსვლით, ეს ჭარბი ნდობა, რაც დათვურ სამსახურს უწევდა საზოგადოებას, მოვაშორე, დავბრუნდი საზოგადოებაში და აქედან გავაკეთებ საქმეს. საზოგადოებას ვავსებ მათგან მიღებული ნდობით... ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი... ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება. მეორედ მოსვლას ვადარებ ამას.

[...] ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. თუ რაღაც უბედურება დატრიალდა საქართველოში".

ამაზე ისაუბრა 2015 წლის აპრილშიც და თქვა, რომ მისი დაბრუნების "მიზეზი არ ჩანს".

"რატომ უნდა დავბრუნდე, ამის მიზეზი არ ჩანს".

2015 წლის ივნისში კი ივანიშვილი აცხადებდა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნებისთვის "ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს". კერძოდ, ქართული ოცნების დამფუძნებელი საუბრობდა, რომ თუ საზოგადოება ვეღარ მოახერხებდა ხელისუფლების კონტროლს, მაშინ შესაძლებელია, ეს სცენარი განეხილა.

"ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს პოლიტიკური - რომ ვხედავთ, რომ საზოგადოება ვეღარ ახერხებს კონტროლს და ხელისუფლება გავიდა თამაშიდან, ასე ვთქვათ, რაც ჩვენ გვქონდა უკვე და კარგად ვიცით გუშინდელი დღიდან და რაღაც ამის მსგავსი უბედურება თუ მოხდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. მე ვერ ვხედავ დღეს ამის ნიშნებს. მე ვერ ვხედავ დღეს საბედნიეროდ ამის ნიშნებს, საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც კარგად, ჟურნალისტებმა. მთავრობაც თვითონ ცდილობს და იციან, რომ თამასა ძალიან მაღლაა აწეული".

2021 წელი

2018 წელს ივანიშვილი პოლიტიკაში კვლავ "დაბრუნდა", თუმცა 2021 წლის 11 იანვარს საზოგადოებას ისევ ამცნო თავისი წასვლის შესახებ და ისევ გაიმეორა, რომ "მისია შეასრულა". ამჯერად, ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ პოლიტიკას "საბოლოოდ" ტოვებდა და მართვის სადავეებსაც სრულად "სცილდებოდა".

"მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი".

პოლიტიკიდან წასვლის დაანონსებიდან მეორე დღეს მან ისევ ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ "ჭარბ ნდობაზე".

"მქონდა დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო და ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ და ამას მუდამ ვიმეორებდი, როცა მისვამდნენ კითხვებს, რომ აი თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, ანგარიშს გიწევენ იმაზე მეტს, არაფორმალურად მართავთ. მე მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და გავიხსენებ, რომ მე მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ძირითადი კოზირი და სხვა რესურსი მე არ გამაჩნია. მე არა მყავს ჯარი, პოლიცია, როგორ უნდა ვმართო არაფორმალურად? არანაირი ბერკეტი ამის არ გამაჩნია".

***

ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".

ივანიშვილმა მისი "დაბრუნების" რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა - მათ შორის დაასახელა ოპოზიციის "არარსებობა" და "ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა".


close დახურვა