logo
ENG



"ისიც არ ვიცი, გამოძიება როგორ მიდის, გავასაჩივრებ სტრასბურგში"- თამაზ გინტურის ძმა

01 იან 202420:44
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური ამბობს, რომ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან და გეგმავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

"ისიც არ ვიცი, გამოძიება როგორ მიმდინარეობს, გამოიძიებენ თუ არა, არც ეგ ვიცი. მეუბნებიან, ექსპერტიზა მიმდინარეობსო. ვერსად ვამტკიცებ,სად მიდის ექსპერტიზა, ვის უნდა მივაკითხო. დაველოდები ცოტა ხანი, იანვრის შუა რიცხვებამდე და მერე გავასაჩივრებ სტრასბურგში"- თქვა მან. 

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა