ეკვადორში ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, ნიღბიანი, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, თანამშრომლებს იატაკზე დაწოლა აიძულეს და მაუწყებლობის შეწყვეტას ითხოვდნენ.
მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ტელევიზიის ყველა თანამშრომელი თავისუფალი, 13 შეიარაღებული პირი კი დაკავებულია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, პოლიცია აცხადებს, რომ დამნაშავეები "ტერორისტული აქტების გამო დაისჯებიან". ეკვადორის გენერალური პროკურორის თქმით, ყველა დაკავებულს ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა მომხდარი ქალაქ გუაიკილის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, ადოლფო მაკიასის, მეტსახელად "ფიტოს" გაუჩინარებას, რის შემდეგაც ქვეყანაში ორშაბათს 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, 8 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა სამშაბათ გუაიკილში კრიმინალური დაჯგუფებასთან დაკავშირებული თავდასხმისას, ხოლო 2 პოლიციელი "შეიარაღებულმა კრიმინალებმა" ახლომდებარე ქალაქ ნობოლში მოკლეს.
საპატიმროდან "ფიტოს" გაუჩინარების შემდეგ ქალაქ რიობამბაში ციხიდან თითქმის 40 პატიმარი გაიქცა.
პრეზიდენტის, დანიელ ნობოას გუშინდელი განცხადებით, ქვეყანაში ახლა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტია". ციხეში მომხდარი არეულობების ბოლო ტალღას, საპატიმროებიდან გაქცევასა და ძალადობის აქტებს ხელისუფლება კრიმინალურ დაჯგუფებებს უკავშირებს. უსაფრთხოების ძალები, ამ ეტაპზე, სულ მცირე, 6 ციხეში ცდილობენ წესრიგის აღდგენას.