logo
ENG



ეკვადორში წინასაარჩევნო მიტინგის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატი მოკლეს

10 აგვ 202311:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/10/tnw8wnrw0hl9rh2.jpg

ეკვადორში საპრეზიდენტო კამპანიის დროს საპრეზიდენტო კანდიდატი ფერნანდო ვილავისენსიო მოკლეს. ვილავისენსიო აქტიურად გამოდიოდა კორუფციისა და ბანდების წინააღმდეგ.

მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ნაციონალური ასამბლეის წევრია, კიტოში კამპანიის შემდეგ შენობას ტოვებდა, როდესაც მას სამჯერ ესროლეს.

როგორც BBC წერს, ეკვადორი შედარებით უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა იყო ლათინურ ამერიკაში, თუმცა ნარკოკარტელების გაძლიერებით გამოწვეული ძალადობისა და დანაშაულების ზრდა, საპრეზიდენტო არჩევნების ცენტრალური საკითხი გახდა.

ფერნანდო ვილავისენსიო იმ მცირე კანდიდატებს შორის იყო, რომელმაც დანაშაულებრივ ბანდებსა და სახელისუფლებო მაღალჩინოსნებს შორის კავშირზე ისაუბრა.

საარჩევნო კამპანიის გუნდის წევრი ყვება, რომ 59 წლის კანდიდატი მანქანაში ჯდებოდა, როდესაც უცნობი კაცი წინ გაიჭრა და ვილავისენსიოს სამჯერ ესროლა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაცვასთან ჯვარედინი სროლის დროს დაიჭრა და გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, არეულობის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატი და ორი პოლიციელი.

კიტოში რეიდების შემდეგ პოლიციამ მკვლელობასთან კავშირისთვის 6 ეჭვმიტანილი დააკავა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ეკვადორში 20 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ფერნანდო ვილავისენსიო, რომელსაც ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა, ერთ-ერთი იყო რვა კანდიდატს შორის და არ ყოფილი საარჩევნო რბოლის ლიდერი.

გასულ კვირას მან განაცხადა, რომ მას და მის გუნდს ბანდის ლიდერი ემუქრებოდა.


close დახურვა