სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანეს წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ხატის შემწირველი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ ხატს სამებიდან არ გაიტანენ და მას მხოლოდ ფლიგელს შეუცვლიან.
"არ მაქვს ინფორმაცია, ახლა თქვენგან ვიგებ ამას. მე რაც ვიცი, გადატანილი იქნება სამებაში უბრალოდ რომელიმე სხვა ფლიგელში. როგორც მე ვიცი, სამებიდან ხატი არ გავა.
არ ვარ ამ პროცესში [ხატის გადაწერაში] ჩართული. მივანდეთ ეს პროცესი საპატრიარქოს. რამდენადაც ვიცი, საპატრიარქო ხატმწერს დაუკავშირდა, შეთანხმდებიან როგორ მოხდეს ამ პროცესის განხორციელება", - აცხადებს ირმა ინაშვილი.
დამატებით დეტალებს ფორმულა აზუსტებს.
***
ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.