logo
ENG



პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

10 თებ 202421:07
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 ადამიანის მკვლელობისა და ერთი პირის დაჭრის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

განცხადებაში წერია, რომ დაკავებულებს ოთხი პირის განზრახ მკვლელობა, ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ედებათ ბრალად.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობილია, რომ ერთ-ერთ მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით ემუქრება.

გუშინ, 9 თებერვალს  რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. 

შსს-მ თავდამსხმელი, 1988 წელს დაბადებული კაცი იმავე დღეს დააკავა. 


close დახურვა