logo
ENG



POG: შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ

11 თებ 202414:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/11/7vard3xlsbsfej1.jpg

საქართველოს პროკურატურა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

"პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს", - წერია განცხადებაში.

9 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.

უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,"დ" და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,"დ" ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გუშინ, შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ეს გარემოება მოსამართლემ გაითვალისწინა.

ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი 9 თებერვალს დააკავეს.


close დახურვა