logo
ENG



წულუკიანი ზურაბიშვილზე: ალიევისთვის გამარჯვების მილოცვაზე თავშეკავება პოლიტიკური სიბეცეა

12 თებ 202412:59
3 წუთის საკითხავი
 

განახლება - ფორმულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.

კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან თავშეკავება აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის, ილჰამ ალიევისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვასთან დაკავშირებით "პოლიტიკური სიბეცეა".

წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი "აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან" და ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაშიც "სწორედ ამასთანაა საქმე".

წულუკიანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ ახსნა, რომ შედეგები საბოლოოდ დადასტურებული არ არის და იმიტომ არ ულოცავს ზურაბიშვილი ალიევს, "არ იქნება გაზიარებული", რადგან ზურაბიშვილმა მაკრონს გამარჯვება ოფიციალური შედეგების დადასტურებამდე მიულოცა.

"საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, მე ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს ის რეგიონია, ჩვენ გვინდა ყველას, რომ შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები არის გაზრდილი ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმისთვის ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს და ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი თავს იკავებს მიულოცოს ჩვენს მეზობელ, პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს ახალ არჩევნებში მეთაურს გამარჯვება.

ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან, ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, არამედ პირიქით, რომ მეტი რისკი იყოს ქვეყანაში და ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც მინიმუმ, დასანანია.

ასევე, ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ რომ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს, ოფიციალურად არჩევნების შედეგების დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ", - თქვა წულუკიანმა.

7 თებერვალს აზერბაიჯანში არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების უმრავლესობა ილჰამ ალიევმა მიიღო.

 


close დახურვა