logo
ENG



აეროპორტების გაერთიანება: ბორტზე ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა - გამოძიება დაიწყო

14 თებ 202418:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/14/wq00g71tj26pvjx.jpg

აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, Wizz air-ის ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.

მათი თქმით, სუს-ის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა და შსს-მ ბორტზე პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება ჩაატარეს.

აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება. მათივე ცნობით, შემოწმება რეისის 148-ვე მგზავრმა გაიარა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად, თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

 


close დახურვა