logo
ENG



Meduza: რუსეთში გაყიდვიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟი, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნის ფოტოა

22 თებ 202411:48
3 წუთის საკითხავი
clock 1663

გამოცემა Meduza წერს, რომ რუსეთში "პრაქტიკულად ყველგან" გაყიდვებიდან ამოიღეს იმ გაზეთის ტირაჟები, რომლის პირველ გვერდზეც ალექსეი ნავალნის ფოტო იყო გამოსახული. ეს განცხადება Sobesednik-ის ჟურნალისტმა, ელენა მილჩანოვსკამ ადგილობრივ გამოცემა "ფრთხილად მედიას" განუცხადა.

ურნალისტის თქმით, ახალი ნომერი, რომლის ყდაზეც ალექსეი ნავალნის ფოტოა გამოსახული, ამოღებულია სადისტრიბუციო პუნქტებიდან - ძირითადად პრესისა და ბეჭდვის ჯიხურებიდან.

"ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული და ცოტა არ იყოს, საშიშია ჩვენთვის. რატომ ამოიღეს ნომერი, ჩვენ არ ვიცით: არანაირი კანონი არ დაგვირღვევია", - აცხადებს ელენა მილჩანოვსკა.

გამოცემა Meduza-ს ერთ-ერთმა მკითხველმა შეატყობინა, რომ მან ვერ მოახერხა Sobesednik-ის გაზეთის ყიდვა ერთ-ერთ ჯიხურში. გამყიდველმა მას უთხრა, რომ "მიიღეს ბრძანება, აღარ გაყიდონ ეს ნომერი". მკითხველს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქში მოხდა ეს.

გაზეთი Sobesednik 1984 წლიდან გამოდის. მასში რეგულარულად იწერება მასალები რუსეთის ოპოზიციაზე. 2022 წლის მარტიდან რუსეთი გამოცემის ვებ-გვერდებს ბლოკავს. ჟურნალისტის თქმით, 2024 წლის 21 თებერვალს მათი ვებ-გვერდი, სადაც ალექსეი ნავალნის შესახებ მასალები იყო გამოქვეყნებული, მეხუთედ დაიბლოკა. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, 17 თებერვლიდან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან - "სევდის კედელთან" და "სოლოვეცკის ქვასთან" ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის გამო პოლიციელებისთვის სადღეღამისო მორიგეობა დაწესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ იდენტიფიცირება უნდა მოხდეს - უნდა აღირიცხონ ის ადამიანები, რომლებიც მემორიალთან ყვავილებს მიიტანენ. ბრძანებაში ამის მიზეზად "შესაძლო სამართალდარღვევის აცილება და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევის იდენტიცირებაა" მოყვანილი.

3 დღის მანძილზე - 16-დან 18 თებერვლის ჩათვლით, რუსეთის მასშტაბით გამართულ აქციებზე, რომლებზეც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, 39 ქალაქში 397 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვსა და პეტერბურგში დააკავეს.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა